„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია,“ - ასეთია "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიცია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღქმა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი იგებდა პირველივე ტურში არჩევნებს, ეყრდნობოდა შიდა კვლევებს, რაც როგორც გაირკვა, შეცდომა იყო. დამდგარ შედეგს ის სხვა ფაქტორებსაც მიაწერს.
„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია. ჩვენ შევძელით, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიგვეღო და კიდევ ერთი გამოცდა ჩაგვებარებინა დემოკრატიაში. აღქმა იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში იგებდა არჩევნებს, იყო აქედან გამომდინარე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ შიდა პარტიულ კვლევებზე დაყრდნობა ამ შემთხვევაში არ იყო სწორი. პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. უამრავი პრობლემა დახატული "რუსთავი 2"-ის მიერ კონკრეტულად, რაც იყო აბსოლუტურად უტრირებული, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდით სიცრუეებსაც,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ იჩქარა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მიულოცა.
„ნაადრევი იყო თვითონ მილოცვა როგორც საბოლოო შედეგი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ მათი კონკურენტებიც ნაადრევად აღნიშნავენ გამარჯვებას.
ეკა ბესელია კი მთავარ მიღწევად დემოკრატიულ არჩევნებს ასახელებს და აცხადებს რომ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არ ყალბდება არჩევნები. მან ასევე სინანული გამოთქვა "ოცნების" მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზე. ეკა ბესელიას განცხადებით, ის იმედს გამოთქვამს, რომ მოქალაქეები არ დაუშვებენ წარსულში დაბრუნებას.