გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში, სააგენტო "imereti news"-ზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების ზეწოლას აპროტესტებს.
"imereti news"-ის მფლობელმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს დაემუქრნენ, მუქარის მიზეზი კი საინფორმაციო სააგენტოა.
ცირეკიძის განცხადებით, ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს.
„გუშინ, მედია სააგენტო „იმერეთი ნიუსის“ დამფუძნებელმა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვილი, გაავრცელა განცხადება, რომ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ქუთაისის მერის მოადგილე ახდენდა ზეწოლა ჟურნალისტებზე, მასზე, მისი დედის ბიზნესზე პირადად და ის იძულებული იყო რომ წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ დაეხურა საკუთარი სააგენტო,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა გიგა შუშანიამ.
მედიაზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებიც. დავით გოგისვანიძის განცხადებით, ხელისუფლება თავისუფალ სიტყვაზე შეტევას ისევ აგრძელებს.
„ხელისუფლება აგრძელებს შეტევებს მედიაზე, თავისუფალ მედიაზე. თავისუფალ სიტყვაზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანა, რომ მედიაზე შეტევა სრულდება ძალიან ცუდად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ქუთაისის მერიასა და იმერეთის გუბერნიაში.