„დღესაც არ მჯერა, ეგ თუ მაგის ჩადენილია,“ - ეს განცხადება გორში სასტიკად მოკლული ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული პირის დედამ გააკეთა.
9 წლის ნანა ნებიერიძის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მშობლები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და ისინი ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
„დღესაც არ მჯერა, ეგ თუ მაგის ჩადენილია. დღესაც არ მჯერა, მე არ ვიცი, მე ეგეთი შვილი არ გამიზრდია და... ის იაგო ეგ იაგო არ არის, რომელიც მე გავზარდე და, თუ ორი ადამიანი არსებობდა და ორი სული არსებობდა, ეგ უკვე აღარ ვიცი. ის აიგო არ არის, მე დღეს რაც მესმის, იმიტომ ვერ წარმომიდგენია, დღემდე ვერ ვიჯერებ, თუ მაგის ჩადენილია,“ - განაცხადა ნუნუ ნებიერიძემ.
რაც შეეხება 2004 წელს მომხდარ დანაშაულს და გატაცებულ 11 წლის მოზარდს, რომელშიც იაგო ნებიერიძის გვარი ფიგურირებს, დედა ამბობს, რომ მის შვილს გატაცებასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, როდესაც მისმა შვილმა გაიგო 11 წლის ბავშვის გატაცების შესახებ, მან უბრალოდ ოჯახს, ფულის გამოძალვის მიზნით, წერილი მისწერა.
„ეგ მაგასთან კავშირში არაფერში არ არის, არ იყო. წერილი მისწერა, ის წერილი იყო მაგის დაკავების მიზეზი. რატომ მისწერა და უჭკუო და ტვინი რომ არ ჰქონდა თავში, იმ ოჯახს მარტო ამან კი არ მისწერა წერილი, ძალიან ბევრმა მისწერა და წაართვა ფული. ისარგებლა იმით, რომ თქვენი ბავშვი ვიცითო. ამან, ეტყობა, იმათ მიბაძა და ამანაც ეს უჭკუო, უაზრო წერილი მისწერა,“ - განაცხადა ბრალდებულის დედამ.
ნუნუ ნებიერიძე იმ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომელიც ბრალდებულის ტელეფონში 9 წლის მოკლული გოგონას ფოტოების არსებობას უკავშირდება.
„გოგოები იყვნენ, ბიჭები იყვნენ, დიდებიც იყვნენ, პატარებიც იყვნენ. სულ უცხოები იყვნენ. მე ვუთხარი, რათ გინდა იმათი სურათები მეთქი და წავშლიო, თქვა. ზოგი ზღვაზე გადაღებული სურათები იყო. ბიჭები იყვნენ, იქნებოდნენ ასე, 12 წლისები, 9 წლისები, 13, 18. გოგოებიც იყვნენ 40 წლისები,“ - განაცხადა იაგო ნებიერიძის დედამ.
იაგო ნებიერიძის მიერ 14 წლის წინ 11 წლის მოზარდის გატაცებას უარყოფს მურმან ნებიერიძეც.
„არ გაუტაცია, ამ ბავშვმა თავისი უტვინობით ფულის შეწერა გააკეთა,“ - აღნიშნა იაგო ნებიერიძის მამამ.