ამერიკული არჩევნებისთვის რუსეთი ისევ ნომერ პირველ საფრთხედ რჩება - ეს ჩანაწერი არჩევნების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შუალედური არჩევნების დაწყებამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" მონაცემებშია გაკეთებული. კვლევა კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებებს ეფუძნება. სპეციალისტთა 81% საფრთხედ რუსეთს ასახელებს, 10% ჩინეთს, 2 პროცენტი კი ირანს. ისინი ამბობენ, რომ ჯაშუშობა და გავლენის ოპერაციები საბოტაჟზე უფრო დიდი საფრთხეა. 2018 წლის შუალედურ არჩევნებზე შესაძლო მანიპულირების ტაქტიკად, უმეტესობა გავლენის მოხდენის ოპერაციებს ასახელებს.
„არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, დიდ სოციალურ ქსელებში საინფორმაციო ოპერაციების გამოყენების შესაძლებლობით გათიშვის და დაბნეულობის დათესვა იქნება ის მეთოდი, რომელიც შესაძლოა მხარეებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან გამოიყენონ. მტრისთვის, რომელსაც სურს თავდასხმის განხორციელება, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე ნაყოფიერი მეთოდი იქნება. თავდასხმა არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ტექნიკურად უფრო რთული განსახორციელებელია,“-განაცხადა ინტერნეტის უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტმა ჯონ გილიგანმა.
შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში სამშაბათს ტარდება. ამერიკელებმა 35 სენატორი, 435 კონგრესმენი და შტატების და ტერიტორიების 39 გუბერნატორი უნდა აირჩიონ.