ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში მმართველი გუნდის ნაწილი ოპოზიციას ადანაშაულებს. ლევან კობერიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
„წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია, რომ ეცდება, რომ ყველაფერი წარმოაჩინოს იმდაგვარად, რომ მმართველი გუნდი დეპუტატები იქნება, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რაღაც უკანონობას ჩადიან, ეს მე მგონი გასაგებია და მე რამდენადაც ვიცი, მანდ საქმე სწორედ, რომ პირიქით იყო და ძალიან მალე გაიგებს მოსახლეობა ამას, რომ სწორედ პროვოკაციები იყო მათი მხრიდან. თუ კი რაიმე სახის კანონგადაცდენა იყო, რა თქმა უნდა ამაზე უნდა იყოს შესაბამისი მსჯელობა და რეაგირება. მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ აბსოლუტურად პირიქით იყო პროვოკაცია,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომხდარი სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ.
„პირველმა ტურმა აჩვენა ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ და მთლიანად საარჩევნო თემის მიმართ ქვეყანაში. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის ნებას. რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების შესასწავლი ფაქტი და ასეთ ფაქტებს ყოველთვის რეაგირება უნდა მოჰყვეს. ძალადობის ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებზე ახალქალაქში გუშინ მოხდა. ოპოზიციის წევრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ენზელ მკოიანი და მისი 20 კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა. თავდასხმიდან უკვე 24 საათი გავიდა, გამოძიებას კი ამ დრომდე არავინ დაუკავებია.