17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ხანძარი რუსთავში - "სტამბოლის ბაზრის" მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს

რუსთავში სტამბოლის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ძლიერი ცეცხლი გვიან ღამით ახალი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა. ცეცხლი ჯერ სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.

დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ხანძრის შედეგად დაზიანება არავის მიუღია.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  დამწვარ ობიექტებთან არ უშვებენ მოვაჭრეებს.

მოვაჭრეები ამბობენ,რომ მათ 10 ათასობით ლარზე მეტი ზარალი მიიღეს. ე.წ. სტამბოლის ბაზარში დასაქმებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

„არ ვიცი რამ გამოიწვია ხანძარი. ვიღაცას აწყობდა ალბათ. უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, არ ვიცი ყველაფერია მოსალოდნელი,“-ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

თავად ბაზრის დირექტორი კი აცხადებს, რომ ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა და ის გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ ვინმეს გაეჩინა. 

"არ ვუშვებ მაგ ვერსიას, არ მგონია, რომ ძალით გაეჩინათ,"- ამბობს ბაზრის დირექტორი გოჩა სირაძე.

ადგილზე დღეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილიც იმყოფებოდა. რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერი გაკეთდება, მისი თქმით, პირველი ეტაპისთვის გადამწყვეტია დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები