ეკა გიგაურს, სამი საათია თბილისის პოლიციის დეპარტამენტში კითხავენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი გამოძიებას მუქარის შემცველი გზავნილების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.
უწყებაში შესვლამდე გიგაურმა განაცხადა, რომ მუქარის გარდა facebook გზავნილები შეურაცხმყოფელ შინაარსსაც შეიცავს. მისი განმარტებით, ფრაზეოლოგია ჰგავდა იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის მისამართით გამოიყენა, როცა ისინი ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი ეძახდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, ამის შემდეგ გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს facebook-ზე, ასევე მივიღე მუქარის გზავნილიც და ზუსტად ამის გამო, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, რომ ეს საკითხი გამოიძიონ. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდევ ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები. თავდასხმები სულ მიმდინარეობს პირადად ჩემზე და სხვა ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე. მაგრამ ეს იყო ერთი მუქარა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.