17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები - სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15 პირი მიეცა

შსს არჩევნების მიმდინარეობისას და მის შემდგომ დაფიქსირებულ ინციდენტებზე განცხადებას ავრცელებს. უწყება მომხდარ ინციდენტებზე სამართალდამცველთა რეაგირების შესახებ საუბრობს. 

განცხადებაში 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები.

"მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის 1 ნოემბერს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები,"-ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ სხვა ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას. უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი. 

"2018 წლის 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, სულ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 126-ე, 151-ე, 154-ე, 187-ე და 239-ე მუხლებით.

18 ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.

6 ინციდენტის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად, მათივე სურვილით, არ გამოკითხულან შეტყობინების ინიციატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ. აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიება დაწყებულ საქმეთა შორის არის მარნეულის ინციდენტი, რაზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრი და ქართული ოცნების ერთი წევრი,"-აცხადებენ შსს-ში. 

შსს-ს ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

დღის ამბები