ზუგდიდის ყოფილი მერის და მისი მოადგილის დაკავებას ოპოზიცია სამეგრელოში წაგებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ლაშა გოგიას და გია გულორდავას ივანიშვილმა პირადად შეუთვალა, რომ თუ კი ისინი არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, მათ დააკავებდნენ.
„მაშინ როდესაც გოგია დანიშნა შტაბის უფროსად, ბიძინამ პირადად შემოუთვალათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა მათი დაპატიმრება , რა თქმა უნდა ცხადია მათ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპატიმრებდნენ თუ კი არჩევნებს წააგებდნენ. რაღაც ენით აუწერელი ამბავია ეს ამბავი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იჯერებდა ამას იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ფაქტია თავისთავად მაგრამ დადასტურდა. არჩევნები წააგეს და ივანიშვილმა გასცა განკარგულება მათი დაპატიმრების რათა დასაჯოს ისინი, იმიტომ რომ მათ ვერ მოიგეს არჩევნები,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ იგივე ბედს ქართული ოცნების შტაბების სხვა ხელმძღვანელები გაიზიარებენ, საუბარია იმ ქალაქებზე სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.
ზუგდიდის ყოფილი მერი ბოლო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ლაშა გოგიას და მის მოადგილეს გია გულორდავას გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რაც შეეხება დაკავებულების ოჯახის წევრებს, ამ ეტაპზე ისინი მედიასთან ურთიერთობას გაურბიან.
საქმე ეხება სექტემბერში გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი.