„ქართული ოცნების“ ოფისიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში - სამეგრელოში წაგებული არჩევნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მის მოადგილესთან ერთად, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს დააკავა. ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მისი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.
მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის ”ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია, რომლითაც დასტურდება რომ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ყოფილ მაღალჩინოსნებს 21 ათას 500 დოლარი მისცა. ქრთამის სანაცვლოდ მაღალჩინოსნები მას ზუგდიდში გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანას დაპირდნენ, თუმცა პირობა ვერ შეასრულეს, თანხა კი მიითვისეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება დაკავებების სერიას იწყებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა ლაშა გოგიას ზუგდიდში არჩევნების წაგება არ აპატია.
ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა გოგია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა. ვისთან გამართა მოლაპარაკებები ყოფილმა მერმა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა გოგიას ჩვენების მიცემას სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას წინააღმდეგაც სთხოვდნენ, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ გადააყენა.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას არჩევნებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში.
ზუგდიდის ყოფილმა მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. კორუფციულ სქემასთან კავშირს ყოფილი მაღალჩინოსნები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.
საგამოძიებო უწყებას ჩვენება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამაც მისცა. მან გამოძიებას ის აუდიო ჩანაწერიც წარუდგინა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით თანხის აღებას ადასტურებენ.
ლაშა გოგიას და გია გულორდავას ბრალს სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.