კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საპატრიარქოს წარმომადგენლები აფასებენ.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ ხელისუფლება მიხვდა, რა ზიანის მომტანი იქნებოდა აღნიშნული კანონპროექტი და პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტიდან გამოწვევის პირობა დადეს.
დეკანოზი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ხელისუფლება დარწმუნდა, რომ კანონპროექტი საზოგადოებისთვის საშიში იყო.
„ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისთვის საშიში... კულტივაციას არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებული არცერთი რელიგიური დენომინაცია. აქედან გამომდინარე, მათ დაინახეს საზოგადოების პოზიცია და შევთანხმდით და პატრიარქთან მატ განაცხადეს, რომ ისინი უკან წაიღებენ კანონპროექტს,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია (ჯაღმაიძე). მამა ანდრია აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქო ჩართულია.
„რეგულაციების ნაწილში ამ კანონპროექტის განხილვისას ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იყოს დარეგულირებული იმიტომ, რომ ძალიან არასახარბიელო გარემო შეიქმნა იმის გამო, რომ აქ არის ასეთი ვაკუუმი,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.
პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.
როგორც შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ იურიდიულად კანონპროექტი სრულად იყო გამართული, მთავრობა სრულად ითვალისწინებს ეკლესიისა და საზოგადოების აზრს, რის გამოც კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.