ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. მათ ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. კანონიერი ქურდის გია ცხვარაძის, იგივე "ბაბუს" დახმარებით საკუთარი ძმის ბიზნესი, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა მიისაკუთრა. ამ მიზნით, ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ.
ბრალდებულების აყვანა ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს აუდიო ჩანაწერებსაც, რომლითაც დანაშაული დასტურდება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.