8 წლის ნანა ბერიაშვილის საზარელი მკვლელობის გორში - გამოძიება დღეს გოგონას ოჯახის წევრების დაკითხვით გაგრძელდება. სამართალდამცველებს ჩვენებას მოკლული ბავშვის მამა მისცემს.
ადვოკატი ამბობს, რომ მამა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხება. მიხეილ ბერიაშვილი გამოძიებამ უკვე სცნო დაზარალებულად. ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს.
„ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი იმის, რომ ყველა კითხვას სრულყოფილად და ამომწურავად გაეცემა პასუხი.
როცა ძებნა დაიწყეს მამაც იყო ჩართული ძებნაში. როცა ინახა ბავშვი მაშინ უკვე მამაც მივიდა ადგილზე, აქედან გამომდინარე, გამოძიებას, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ექნება კითხვები,“-ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
მოკლული გოგონას მამა მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ დაკავებულის პირად ნივთებსა და სამოსზე გოგონას სისხლის კვალია აღმოჩენილი.
„პირველად ვარ დაბარებული. ადვოკატმა მითხრა, რომ უნდა მივიდეთ და დაიკითხოო. ერთი ვიცი,რ ომ ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე და იმ სახლში, სადაც ის უშუალოდ მუშაობდა“-ამბობს მოკლული გოგონას მამა მიხეილ ბერიაშვილი.
8 წლის გოგონას ცხედარი გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მისი მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძეა დაკავებული. როგორც ცნობილია, ის ბრალს არ აღიარებს.
ნებიერიძე წლების წინ ასევე ფიგურირებდა არასრულწლოვნის გატაცების საქმეში. მან საპატიმრო ამნისტიის შესახებ კანონისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვა.