17 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
კანონიერ ქურდებთან კავშირი და წილები სარფის საბაჟოზე - ენმ საპატრულო პოლიციის უფროსის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ხალვაში, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თემურ კუპატაძის წარსულ საქმიანობაზე საუბრობს. გია ხალვაში ყოფილი სამართალდამცველია და როგორც თავად ამბობს, გარკვეულ ინფორმაციას ფლობს კუპატაძის შესახებ. 

გია ხალვაშის ინფორმაციით, კუპატაძის სახელს ბათუმში არა ერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორის საუბარია სარფის საბაჟოზე სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ, სადაც მანქანების მიმოსვლასთან დაკავშირებით გადასახადი დაწესდა.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი აცხადებს, ამ თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ თემურ კუპატაძესთან მიდიოდა.

გია ხალვაში კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს. ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ თეიმურაზ კუპატაძემ შემოაცილა წლების წინ ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ფაქტის ამსახველი ფოტო მასალაც არსებობდა, რომელიც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა თავად გაანადგურა.

„როდესაც ე.წ. კანონიერი ავტორიტეტი მინდია გორაძე, სხვისი სახელით და გვარით შემოვიდა თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოაცილა თემურ კუპატაძემ, ხოლო ეს ვიდეოფირზე დააფიქსირა ტელეფონის საშუალებით მისმა ერთ ერთმა მოადგილემ. მეორე დღესვე ეს მოადგილე იქნა გათავისუფლებული  სამსახურიდან, ხოლო სატელეფონო ჩანაწერები განადგურებული. როდესაც თემურ კუპატაძე აჭარაში საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა ტირპარკი ჩვეულებრივად უფასო რეჟიმით გადიოდა საზღვარს. საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა ამ რიგებს. ამის შემდეგ შეიქმნა ეს სამსახური, სადაც დაწესდა ოფიციალური გადასახდელი თხუთმეტი ლარის ოდენობით ტირპარკში თითოეული მანქანასთან დაკავშირებით. იყო საუბარი თემური კუპატაძის მიერ გარკვეული პროცენტის მფლობელობაზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ხალვაშმა.

გარდა ამისა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, სიმამრი - ავთანდილ ტაბუცაძე, ე.წ კანონიერი ქურდების მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მათ გავლენებს არაერთი საქმის დასალაგებლად იყენებს.

"კურიერის" ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილიშვილის ნათლიაა.

ოპოზიცია საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაარკვია, რომ ავთანდილ ტაბუცაძეს ქართულმა ოცნებამ რაჭაში  სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება დაავალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ტაბუცაძესთან ამ პროცესში ჩართული იყო კანონიერი ქურდი გია ხმელიძე, იგივე "ხმელო". 

დღის ამბები