ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები დღეს საპატიმროში მათმა ადვოკატებმა მოინახულეს.
ზუგდიდის ყოფილი მერს, ლაშა გოგიას მისი ადვოკატი ამ წუთებში ხვდება. სწორედ ბრალდებულთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს ის გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს თუ არა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.
ადვოკატი, მერან მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მიუღებელი და დაუსაბუთებელია, თუ რატომ შეიძლება ჩათვალოს საფრთხედ იმისა, რომ ის შეიძლება გამოძიებას მიემალოს ან რაიმე სახით ხელი შეუშალოს. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ლაშა გოგიას ვინმემ, საერთოდ, ან თუნდაც კვირკვიამ ან სხვა პიროვნებამ რაიმე სახის თანხა გადასცა უკანონო საქმიანობის შესასრულებლად. შესაბამისად, ეს არის „მთავარი პრობლემა“ ბრალდების მხარისთვის, რომ ისინი ვერ ადასტურებენ თანხის გადაცემას, ვერ ადასტურებენ კორუფციული გარიგების შეთანხმებას და ვერ ადასტურებენ რაიმე წინაპირობას, რომ მათ შორის კორუფციული გარიგება არსებობდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.
დღეს ასევე, ადვოკატმა მოინახულა ქრთამის აღების ბრალდებითვე დაკავებული გია გულორდავა, რომელიც, ასევე არ აღიარებს ბრალს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩიბრებას გეგმავს.