არ მეგონა თუ ამდენ სისულელეს მოვისმენდი ერთი დღის განმავლობაში - ასე ეხმაურება ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და შემდგომ სასამართლოს მიერ გირაოს შეფარდებას. მაია მწარიაშვილის განცხადებით, გაუგებარია რის გამოძიებას მოანდომა პროკურატურამ წელიწადნახევარი.
„ჩემი შთაბეჭდილება გახლავთ რა, რომ პროკურატურამ გამოაცხადა რომ ფხიზელმა ფარცხალაძემ შემოულაწუნა მთვრალ თორდიას. ამას იძიებდა წელიწადნახევარი თურმე. ამისთვის დაჭირდა თურმე ვიღაც უცხოელი პროკურორების, ექსპერტების დახმარება რომ მათ ეთქვათ მისთვის, რომ ამან იმას შემოულაწუნა.
მერე ამისთვის ატარებდნენ ჰაბიტოსტოფიულ ექსპერტიზაც წელიწადნახევრის განმავლობაში და ცხვირი ჰგავს, ჰგავს, თვალი ჰგავს, ჰგავს და ა.შ. და დაადგინეს რომ თურმე ეს ფარცხალაძეა, მაგრამ ამას საერთო არაფერი ჰქონია არანაირ კომერციულ ბრალდებებთან თურმე და ამის გამო მისცეს თურმე ფარცხალაძე პასუხისგებაში და დღეს ჩვენ თურმე ძალიან კმაყოფილი უნდა ვიყოთ პროკურატურის მუშაობით,“-განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.
საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.