პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. მარეკ კუხჩინსკი დილიდან ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდა, რომელიც გვირგვინით შეამკო. იგი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეამკო გვირგვინით.
სეიმის მარშალმა ოძისში ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართებიც მოინახულა. დღესვე კუხჩინსკი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვდება.
„ჩვენ საგანგებოდ ჩამოვედით აქ, გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა საოკუპაციო გამყოფი ხაზი. ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აპროტესტებს და არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მავთულხლართების, ღობეების და მსგავსი შინაარსის წარწერის მქონე ბანერების აღმართვა დაუშვებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ ქვეყანა საფრთხეებისგან დაცული იყოს,“ - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა, მარეკ კუხჩინსკიმ.