არჩევნების მეორე ტურისთვის ძალოვნებმა დავალებები პირადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფის მოადგილისგან მიიღეს. საგანგებო შეხვედრას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, პოლიციის უფროსები ესწრებოდნენ. მათ კონკრეტული დავალებები სუს-ის უფროსის მოადგილისგან, გრიგოლ ლილუაშვილისგან, მიიღეს. თუმცა რა, ამაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ არც ერთ მათგანს არ უსაუბრია.
გაერთიანებული ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის სამეგრელოში ჩასვლა და გრიგოლ ლილუაშვილის ქუთაისში სტუმრობა იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც მმართველი უმრავლესობა არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და პირველ ტურის შედეგის გაუმჯობესებას ძალადობრივი მეთოდით ამომრჩეველზე ზეწოლით შეეცდება.
გრიგოლ ვაშაძის შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ საგანგებო სამზადისი სუს-ს იმ საარჩევნო ოლქებში ექნება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს მოუგო. იმერეთის რეგიონის 12 საარჩევნო ოლქიდან 6-ში, მათ შორის ქუთაისშიც, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, კი ირწმუნება, რომ საარჩევნო პერიოდში სამართალდამცველების ერთადერთი მიზანი წესრიგის დაცვაა.