„რომ გააღო კარი დედამ, ბავშვს სძინავსო, რა გინდათო, ბავშვს სძინავსო, ასე თქვეს,“- ასე იხსენებენ ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინაში მხუთავი აირის დაგროვებას უკავშირებს. ინტოქსიკაცია ბავშვის მშობლებმაც მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მამაკაცის კი მძიმე.
„იყო CO-თი ინტოქსიკაცია, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიური რეჟიმის პალატაში, ბატონის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, მამაკაცს აღენიშნება ზეწოლის სინდრომი, როგორც ჩანს უგონო მდგომარეობაში მყოფი ერთ მხარეს საკუთარ მარჯვენა ხელზე დიდხანს იწვა,“- განაცხადა ექიმმა, გიორგი შათირიშვილმა.
მეზობლების თქმით, მათ ყვირილის ხმა გაიგონეს.
„ჩამოვედით და გვითხრეს, რომ გაზით მოიწამლა ბავშვი, დეიდა იყო მოსული და უბრახუნებდა, კარს რომ არ აღებდნენ, რომ გააღეს, გავიგონეთ, შიგნით რომ შევიდა, კივილი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მოწამლულები იყვნენ. კარი დედამ გააღო, თითქოს, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ, მოწამლული რომ იყო მაგიტომ,“-აცხადებს მეზობელი.
მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს სააგენტო "ნიუ პოსტი," რომლის ნფორმაციითაც, მცირეწლოვანი არა ბუნებრივი აირის, არამედ მამინაცვლის ცემის შედეგად დაიღუპა, რის შემდეგაც მამაკაცმა სახლში კვალის დაფარვის მიზნით გაზი გაუშვა. თუმცა ამ ვერსიას არც ახლობლები და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებენ.