საგარეო საქმეთა მინისტრი ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესს ეხმაურება.
დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოსთხოვოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყველა საელჩოს და საერთაშორისო წარმომადგენლობას მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია, რომ ყველა სხდომაზე მოხდეს ამ საკითხს მაქსიმალურად წამოწევა.
„ჩვენს ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმომადგენლობას აქვს შესაბამისი ინსტრუქცია, რომ უახლოეს პერიოდში ყველა სხდომაზე იყოს ეს საკითხი აქტუალიზირებული და დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებებში განსაზღვრული. და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციას მოეთხოვოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის უკანონო ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან გამოჩნდნენ. სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს.