17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

საქართველოს 2019 ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ. სწორედ ამ მსჯელობის დროს გაირკვევა, გაითვალისწინა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ დეპუტატების შენიშვნები, რომელიც თანხის მიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა. ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 13 მილიარდია და ის წინა წელთან შედარებით 350 მილიონით არის გაზრდილი. პროექტის მიხედვით ირკვევა, რომ მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, განათლება, ინფრასტრუქტურა იქნება.

„იზრდება დაფინანსება ჯანდაცვის პროგრამების, იზრდება დაფინანსება განათლების სამინისტროში. ინფრასტრუქტურული პროექტები არის სკოლაში,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიცია კი მთავარი საფინანსო დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ მთავრობამ ამჯერადაც ვერ თქვა უარი ბიუროკრატიულ ხარჯებზე.

„ფაქტია, რომ ეს ბიუჯე​ტი ხმარდება კვლავინდებურად უსარგებლო ხარჯებს. ბიუროკრატიას. ვალებით შეკერილი ბიუჯეტია რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ  კლიმატზე და სწორედ ეს არის ფასების ზრდის და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ კი ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას არ ელოდება.

„მთავრობამ მეორე ვარიანტში ჩადო ლარის კიდევ უფრო მაღალი კურსი. რითაც გვითხრა, რომ არც უნდა ველოდოთ ლარის დასტაბილურებას. ამ პირობებში როდესაც ლარი უფასურდება და ფასები იმატებს, არანაირი ღონისძიება არსებითი, რაც შეღავათს მისცემდა მოსახლეობას ამ ბიუჯეტში არ ჩანს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 

დღის ამბები