ჰელსინკში მიმდინარე "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების თემა აქტუალურია. საკუთარ გამოსვლაში IPP-ის პრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა. საქართველოზე ისაუბრა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩენემ, რომელიც არჩევნების პირველ ტურზე საქართველოში დამკვირვებლად იმყოფებოდა. "კურიერთან" ინტერვიუში მან ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თავდასხმებზე არასამთავრობო სექტორზე. მისი თქმით ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება.
„ვამაყობ ქართველი ხალხით, რადგან დავინახე რომ მათ აქვთ უზარმაზარი სურვილი, თავიანთი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის იყოს. როდესაც ისინი მოდიოდნენ უბნებზე, მივხვდი რომ საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ასევე ვნახე რომ დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. ვნახე ხალხი, ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. მეორეს მხრივ ვნახეთ როგორ იყენებდნენ დიდძალ ადმინისტრაციულ რესურს, როგორ ცდილობდნენ ენჯეოებზე თავდასხმას. მედია პოლარიზებულია და მის მიმართ პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. მინახავს როგორ ცდილობენ დემოკრატიის გაგების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ ახლა ფინეთში ვართ და ევროპის ეს მხარე კარგი მაგალითია გავიგოთ რა და როგორ ხდება. რადგან მათაც გამოიარეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. ოპოზიციიდან არჩეული კანდიდატიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ ძალაუფლების გადანაწილებაშია დემოკრატია,“-განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.