ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს რომ კრწანისის საოლქო კომისიაში ე.წ. სამაგიდო სიები გახსნეს და გაიტანეს - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ცესკოში მიიტანეს. ოპოზიციის წევრები თამარ ჟვანიას შეხვდნენ და იმ ვიდეოკამარების ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვეს, რომელზეც საოლქო კომისიებში მიმდინარე მოვლენები სრულად უნდა იყოს ასახული.
„მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ ამოღებული იქნეს, კრწანისის საარჩევნო კომისიაში არსებული ვიდეო საშუალებებიდან ფირები და შეიქმნას კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები, ჩვენი ცესკო-ს წევრი და ისინი შეისწავლიან რა მოხდა რეალურად. როდის მოხდა ამ დოკუმენტაციაზე ლუქების აღება. მოხდა თუ არა ამ დოკუმენტაციის გარეთ გატანა და რა მიზნით მოხდა. ყველაფერი ეს შეიძლება დადგინდეს მარტივად თუ თამარ ჟვანია მისცემს თანხმობას. ამოიღებენ ამ კამერების ჩანაწერებს და მოგვეცემა საშუალება გაიშიფროს ეს ვიდეოჩანაწერი,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სამაგიდო სიები, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია საუბრობს, წესით არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უნდა დალუქულიყო და კანონით განსაზღვრული წესით განადგურებულიყო თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლუქები სიებს კანონის დარღვევით მოხსნეს და სუს-ში გადაიტანეს, გარკვეული მანიპულაციებისთვის.