17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ოპოზიციის მხარდაჭერა - თბილისსა და რეგიონებში საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო

თბილისსა და რეგიონებში საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო. მოქალაქეებს ოპოზიციის მხარდაჭერის გამო, სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ნათესაური კავშირები და მეგობრობა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლების ფასად უჯდებათ.

გათავისუფლებული პირები ამის შესახებ „კურიერთან“ ჰყვებიან. მარინა ხმოიანი დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ის მერიის დაქვემდებარებული უწყებიდან გაათავისუფლეს. ხმოაინს პირდაპირ უთხრეს, რომ უშვებდნენ ოპოზიციის მხარდაჭერის გამო. ასეთ სიტუაციაში საჯარო სამსახურში დასაქმებული ათობით ადამიანი აღმოჩნდა.  

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს სამსახურიდან გურჯაანში, სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის დირექტორი. ოფიციალურ მიზეზად ბაღში სანიტარული ნორმების დარღვევა უთხრეს, თუმცა თამარ სიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. არჩევნების წინ „კვირის აქცენტებში“ გავიდა აუდიო ფაილი, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ბაღების და სკოლების დირექტორებს აიძულებს საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩევლის მობილიზება მოახდინონ. ვეჯინის ბაღის დირექტორი ამ შეხვედრას ესწრებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ფარულად სკანდალური საუბრით თამარ სივაშვილმა ჩაწერა და მასზე არჩევნების დასრულებისთანავე შური იძია.

შვილის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ბაღის დირექტორის დედა, გურჯაანის მერს შეხვდა. საუბრის დროს "ოცნების" მაღალჩინოსანს არ დაუმალავს, რომ თამარ სიბაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. მიზეზი სამია - ჩანაწერების გავრცელება, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრთან გიორგი სიბაშვილთან ნათესაური კავშირი და გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორთან მეგობრობა.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრი გიორგი სიბაშვილი, ვისთან ნათესაური კავშირიც გახდა თამარ სიბაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი დღეს მის ინტერესებს იცავს. ამბობს რომ დირექტორის გათავისუფლება კანონის დარღვევით მოხდა. 

თბილისის დასუფთავების სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი პირი. ჯამბულ სოინოღლი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტიც იყო. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მას სამსახური დაატოვებინეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ასევე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან ლაგოდეხის ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორიც, რომელიც იმდენად არის დაშინებული, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ პირად საუბრებში ადასტურებს.

ავტორი: ია გულიაშვილი, იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები