ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია - ამის შესახებ განცხადება, მერაბ მორჩაძის საქმის პროკურორმა გააკეთა.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა მოწმე მიხეილ კალანდიაზე ზეწოლაში ბრალდებული მერაბ მორჩაძესთან საპროცესო გარიგების მიზეზები განმარტა.
ბრალდებული საპროცესო შეთანხმებით სასამართლო დარბაზიდან პირობითი მსჯავრით დღეს გაათავისუფლეს.
პროკურორის ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგა, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მოწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის.
„მერაბ მორჩაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მოწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია,“-განაცხადა საქმის პროკურორმა.
მერაბ მორჩაძეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა.