ყაჩაღური თავდასხმა მარნეულში. გვიან ღამით სამმა შეიარაღებულმა პირმა “სოკარის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. თავდასხმის დროს იქ რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა.
ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით სალაროდან თანხა წაიღეს. ზარალის ოდენობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. თანამშრომლები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
„ღამის 4 საათზე სამი პირი ცივი იარაღით შემოსულა. კარის შუშა ჩაამსხვრიეს. ღამის ცვლაში ვინც მუშაობდნენ მათ ცივი იარაღით დაემუქრნენ და გარკვეული რაოდენობის თანხაც წაიღეს. თანამშრომლები ახლა დაკითხვაზე იმყოფებიან. ვიცი,რომ გამოძიება დაწყებულია, სხვას ვერაფერს გეტყვით,“- ჰყვება ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი.