სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაცვლითმა კურსმა დღეს 2 ლარი და 72 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0800 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.
„ამ ეტაპზე ზრდა არის კარგი და პროგნოზებიც საკმაოდ კარგია. ინფლაციაც დაბალია, ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ზოგადად ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე გაცვლითი კურსი. რაც შეეხება ინტერვენციას, ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია, მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ,“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი ლარის გაუფასურება იყო პოლიტიკური აჟიოტაჟიდან გამოწვეული.
„იმდენად სპეკულაციური იყო და მე ავღნიშნე გუშინ ჩემს ბრიფინგში რომ ეს იყო აჟიოტაჟი და ეს იყო 100 %-ით პოლიტიკიდან გამოწვეული და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა ამას. მეორე დღესვე პრაქტიკულად ეს დადასტურდა და ლარმა დაიწყო გამყარება. რამაც მისცა საშუალება ეროვნულ ბანკს, რომ ის რაც მას აქვს დაგეგმილი ყოველ წლიურად მის ვალდებულებებშია რომ შეავსოს რეზერვი განახორციელა,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ოპოზიცია კი კვლავ თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების მძევალია.
„ეროვნული ბანკი და მთავრობა არის ფაქტობრივად რეზერვების მძევალი. რეზერვები არის მძიმე. 5 წელიწადია რეზერვები არ გაზრდილა. 3 მილიარდის ფარგლებშია. სავალუტო ფონდთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, რომ რეზერვები უნდა იყოს რაღაც ფარგლებში. ეკონომიკას არ შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა და რეზერვების გაზრდა. ამავე დროს ჩავარდა ბიუჯეტი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.