ხმაური ზაჰესში მდებარე 50-ე ბაღში - საბავშვო ბაღის დირექტორი ნატა უღრეიძე გაათავისუფლეს. მასწავლებლები და თავად დირექტორი „კურიერთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
მასწავლებლების თქმით, დირექტორს წინასაარჩევნოდ სიების მიტანა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა და სწორედ ამას უკავშირებს იგი გათავისუფლებას.
დირექტორის მხარდამჭერები დღეს საღამოს მის მოადგილეს დაუპირისპირდნენ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლად ითვლება.
კონფლიქტის გამო ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
დირექტორის თქმით, მას მოიხსენიებდნენ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრად და ეუბნებოდნენ, რომ ის სანდო თანამშრომელი არ იყო.
"გამომიცხადეს ძალიან მალე, ძალიან სწრაფად საყვედური და ამის საფუძველზე გამათავისუფლეს. მწამებენ ცილს, ასევე მე ვარ ძველი "ნაციონალი." მე არასდროს არ ვყოფილვარ არცერთ პარტიაში. ეს კულუარული ინფორმაციებია," - განაცხადა დირექტორმა.
დირექტორის გათავისუფლების ოფიციალურ მოტივად კი ბაღში არსებული დარღვევებია მითითებული.
ბაღების მართვის სააგენტოში ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.