17 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"ემიგრანტებს ენმ-დან საკონსულოს სახელით უკავშირდებიან და სთხოვენ, რომ "ქართულო ოცნებას" მისცენ ხმა" - სოფო ქაცარავა

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს ენმ-დან ურეკავენ და სთხოვენ, რომ ხმა მისცენ ქართულ ოცნებას. სანაცვლოდ კი ჰპირდებიან საემიგრაციო დოკუმენტაციის მოგვარებას.

რა ინტერესი აქვს ნაციონალური მოძრაობას, რომ ემიგრანტებს ქართული ოცნების  მხარდაჭერას სთხოვოს, სოფო ქაცარავა ამბობს, რომ ოპოზიცია ამ თემით სპეკულაციას გეგმავს. შესაბამისად თავადვე წარმართავს ისეთ პროცესებს, თითქოს, ქართული ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ნაციონალურ მოძრაობას შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოების და საელჩოების  სახელით  საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად  მცხოვრები, მუშაობის და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან. ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. ეს   დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ. ნაციონალური მოძრაობის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,  რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საარჩევნო პროცესი თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება,“ -განაცხადა  სოფო ქაცარავამ. 

ქართული ოცნება დახურული კონსულტაციებს მე-12 დღეა, მართავს. არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის სტრატეგიებზე უწყვეტ რეჟიმში მსჯელობენ. 

დღის ამბები