არჩევნების მეორე ტურის წინ ჩხოროწყუში ზეიმზე 4 მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატის გარეშე ჩავიდა.
ადგილობრივებს დღეს ჩხოროწყუობის დღესასწაულზე სწორედ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეხვედროდა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი რაიონში, სადაც პირველი ტური ყველა სოფელში წააგო, აღარ ჩასულა.
მთავრობის წევრები კი ამბობენ, რომ ჩხოროწყუში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დღეს არ იგეგმებოდა.
„ქალბატონო სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩხოროწყუში დღეს არ იგეგმებოდა. მე როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის შტაბი გეგმავს ჩხოროწყუში, სამეგრელოში ვიზიტს უახლოეს პერიოდში და საერთოდ მე არ მეგულება არც ერთი ადამიანი საქართველოში, პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება იყოს გაბრაზებული თავის ხალხზე,“ - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.