„დღეს ვარ ჟურნალისტი, მიმყავს პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან. არც ვიცი, სწორად მიჭირავს თუ არა მიკროფონი. ამას პირველად ვაკეთებ, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვს,“ - ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც ის მასშემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.
ნიკა გვარამიამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილზე მყოფი ელისო კილაძისგან მიიღო. ქრონიკა+-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ადგილზე იყო კატასტროფული მდგომარეობა.
„არასამთავრობო სექტორმა დააანონსა, რომ კახა კალაძის სრულიად არაკონსტიტუციური და უკანონო წერილის შემდეგ მოიტანდნენ აქ კარვებს და დადგამდნენ იმისთვის, რომ კანონი განემარტათ ხელისუფლებისთვის. რეალურად მოხდა საშინელი დარბევა. ქალებს გადაუარეს წიხლებით პოლიციის თანამშრომლებმა. გადაუარეს წიხლებით ზაზა სარალიძის დედას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ამ წუთას კარავში და გამოძახებულია სასწრაფო,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.