გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს მიმართავს, ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებებს, რომელსაც აგონიაში მყოფი ხელმძღვანელები ავალებენ. გიგი უგულავას განცხადებით, შემდეგ ამ პოლიციელებს გაუჭირდებათ ადამიანის უფლებების დაცვა.
„მე მინდა, რიგით პოლიციელებს ვუთხრა, ეს არ არის რიგითი შემთხვევა, თქვენ არღვევთ კანონს და რაც მთავარია, ამის შემდეგ თქვენ გაგიჭირდებათ ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დაცვა. თქვენ, უბრალოდ, აღარ გამოდგებით პოლიციაში მსახურებისთვის. ამიტომ დაუფიქრდით, რას აკეთებთ იმიტომ, რომ შეიძლება, დავალება ათასნაირი მოგცეთ ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა აგონიაშია და ათას სისულელეს აკეთებს,“ - განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავამ თბილისის მერსაც მიმართა. ის ამბობს, რომ კახა კალაძე ვერ მოძებნის, თუნდაც, ერთ ადამიანს თბილისში, ვინც იტყვის, რომ ზაზა სარალიძე უნდა წავიდეს რუსთაველის გამზირიდან, რათა თავისი შვილის მიიყვანოს ნაძვის ხესთან.
„მისი საქმე არ არის ის, რაშიც არის ჩარეული. არ დადის ამ ქალაქში ადამიანი, რომელიც ზაზა სარალიძის ტკივილს არ გაიზიარებს. ეს ტკივილი და სიხარული ერთმანეთს არ უშლის ხელს. ამ ქალაქში არ დადის თბილისელი, რომელიც იტყვის, მოდი, ახლა მე დამითმე, ჩემს ბავშვს გავახარებ და ზაზას სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. სამართალდამცავებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.