რუსთაველის გამზირზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოქალაქეებს ჩამოართვან კარვები, არის კანონდარღვევა.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ კონსტიტუციური უფლებაა ნებისმიერი მოქალაქის, გამოხატოს პროტესტი.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი იქ, პროტესტის ნიშნად, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ, თუ ის არ არღვევს კანონით დადგენილ ფარგლებს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის წინ კარვების გაშლა, როდესაც ის არ უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას და ხელოვნურ დაბრკოლებებს არ ქმნის ან რომელიმე უწყების ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, არის სრულიად გამართლებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეებს შეეზღუდათ კარვების გაშლის უფლება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ მოქალაქეებს, ეს ნამდვილად არ არის არგუმენტირებული სამართალდამცავების მხრიდან.