ვაჭრობა ადამიანების რელიგიური გრძნობებით - კურიერს სანდო წყარომ მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც გარდაბნის მერის მოადგილე თავად აღიარებს, რომ ხალხი დაიბარა და ფიცი დაადებინა, რომ არჩევნების მეორე ტურზე ხმას ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს მისცემენ.
ფარული მასალების მოპოვების შემდეგ კურიერმა ის ადამიანების ჩაწერა შეძლო, ვინც დაიბარეს და ფიცი პურზე დაადებინეს.
პურზე დაფიცება მუსლიმი მრევლისთვის ნიშნავს, რომ ამ ფიცს არასდროს გატეხენ და იძულებულები არიან, დათქმა შეასრულონ.
რეპორტაჟზე ქვემო ქართლში კურიერის სპეციალურმა კორესპოდენტმა, ჯეიხუნ ნარზალოვმა, იმუშავა, ამის შემდეგ კი მასზე ზეწოლა დაიწყო. ტელეფონით კურიერის ჟურნალისტს გარდაბნის მერის მოადგილის შვილმა დაურეკა და დაემუქრა, რომ, თუ მასალა ეთერში გავიდოდა, მას გაანადგურებდნენ.
სოფელ ნაზარლოს მოსახლეობა ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ხმებზე ღამით ნადირობს, ქართული ოცნების წევრები ოჯახებში მიდიან. ზოგს აშინებენ, ზოგს აფიცებენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ამ გზით აიძულებენ.
სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი, გარდაბნის მერის მოადგილე, რომელიც ჩანაწერში აღიარებს, რომ ხალხს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს და ფიცს ადებინებს, ტელეკამერების გამოჩენამ გააღიზიანა, ის კურიერის კითხვებს გაექცა.
ის, რასაც მერის მოადგილე უარყოფს, მისი თანაგუნდელი ადასტურებს. სალომე ზურაბიშვილის შტაბის თანამშრომელი, ელბრუს აბასოვი, ამბობს, რომ ხალხს ფიცი ნამდვილად დაადებინეს, თუმცა, გაოგნებულია იმის გამო, რომ საუბრის ფარულად ჩაწერეს და აუდიოფაილი კურიერს გადასცეს.
ავოტირ: ჯეიჰუნ ნარზალოვი