რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ, 16 კარავია გაშლილი (იხილეთ ფოტორეპორტაჟი).
მალხაზ მაჩალიკაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად აქციას გააგრძელებს და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მისი თქმით გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება შეშინებულია.
როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებმა საზოგადოებაში რომ გაჟონოს, ხელისუფლებიდან ყველას საქართველოს დატოვება მოუწევს.
„ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა, აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ თუ მთლიანად კი არა, ნახევარი, 50%-ით რომ გაჟონოს, რომ გასცდეს ეს საქმე, ესენი გაქცევითაც ვერ უშველიან თავს. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მთელი ღამის განმავლობაში შვილმკვდარ მამებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. დღეს საღამოს კი კვლავ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია და სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.