სტუმრები იკრიბებიან ამ წუთებში კოჯორთან ახლოს მდებარე დასასვენებელ კომპლექს "ბიოლი ჰოლში" , სადაც ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, ბერას
ქორწილს აღნიშნავენ. სტუმრების ნაწილი უკვე ადგილზე იმყოფება - მათ შორის არის თბილისის მერი, კახი კალაძეც.
ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ რესტორანში ნახევარი მილიონის მხოლოდ ყვავილებია მიტანილი. 50 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსის ადმინისტრაციამ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება გაავრცელა და სხვა მომხმარებლებისთვის 7-დან 13-ი ნოემბრის ჩათვლით ტერიტორია დახურულად გამოაცხადა.
კომპლექს "ბიოლი ჰოლში" მისვლამდე ნეფე-პატარძალმა - ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა - ამ პერიოდის განმავლობაში რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის წყვილებისთვის, რომლებიც ასევე სვეტიცხოველში აპირებდნენ დღეს ჯვრისწერას - ტაძარი დახურული იყო.
სიძე და მეჯვარეები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მეჯვარეებს შორის არის ბერას უმცროსი ძმა - ცოტნეც. პატარძალს ნეფე ტაძარში 20 წუთის განვალობაში ელოდებოდა. საკურთხეველთან ნანუკა გუდავაძე მამამ მიიყვანა.
ტაძარში ცერემონიას პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ყოფილი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.