17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე - როგორ ცხოვრობენ ოჯახები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მე-6 წელს

როგორც ცხოვრობენ ადამიანები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-6 წელს - P.S.-ის გადამღები ჯგუფი რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. მათ კამერების წინ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.  

აზა ლატარია, რომელსაც გმირი დედის წოდება აქვს მინიჭებული, აცხადებს, რომ სახელმწიფო შემწეობის აღების შემდეგ ვალების ნაწილს გადაიხდის, ნაწილს სამომავლოდ გადადებს და ალბათ სხვა ვალებს დაუმატებს, რადგან ძალიან უჭირს.

გულბანები, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე ვერც კი ოცნებობენ, რადგან ოჯახის ერთადერთი შემოსავალი - სახელმწიფო შემწეობა საკვებსა და ყოველდღიურ საჭიროებებსაც არ ჰყოფნის. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან, რადგან მალხაზ გულბანი მეორე ჯგუფის ინვალიდია, აზა ლატარიას კი სამი წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

სიღარიბის ზღვარზე ცხოვრების გამო, თედიაშვილების 8 სულიანი ოჯახი უკვე მეთორმეტე წელია, სახელმწიფო შემწეობას იღებს. ზვიად თედიაშვილი, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდა, სეზონურად თურქეთში გადასვლასა და თარჯიმნად მუშაობასაც ახერხებდა, თუმცა დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო ოჯახს ქართულმა კანონმდებლობამ შეუზღუდა.

თედიაშვილები, რომლებიც ნათესავის მიერ დათმობილ ბინაში ცხოვრობენ, საკუთარ სახლსა და მიწის ნაკვეთზე ოცნებობენ. ანალოგიური სურვილის გამო, აფხაზეთიდან დევნილი ეკა ესებუა ორგანოთა დონორად დარეგისტრირდა. გარიგება არ შედგა, რადგან ის მეორე ჯგუფის ინვალიდია და ოთხი წლის ასაკიდან ეპილეფსიური შეტევებით იტანჯება.

ეკა ესებუა ამჟამად ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის და ვაჟთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მისმა ბიჭმა ცოლი ხუთი წლის წინ მოიყვანა, თუმცა ახალგაზრდა ოჯახი მაინც ცალ-ცალკე ცხოვრობს, რადგან ოთახში, რომლის ფართობიც 13 კვადრატული მეტრია, ცოლთან, შვილთან, დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრება მისთვის ძალიან ძნელია. 

 

დღის ამბები