შვილმოკლული მამების კიდევ ერთი აქცია ამჯერად „ქართული ოცნების“ ოფისთან.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები მმართველი გუნდის ოფისთან, პანკისში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შეიკრიბებიან.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შეკრება მისი შვილის დაბადების დღის მოახლოებას უკავშირდება. თბილისში ჩამოსვლას და პარტია "ქართული ოცნების" ეზოში შეკრებას გეგმავენ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობრები პანკისის ხეობიდან.
„აქცია არ შეწყდება, აქცია გაგრძელდება. გარკვეული ნაწილი ხალხის წავა ოცნების შტაბში, სადაც იმყოფება ე.წ. სისხლიანი ადამიანი გოგაშვილი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორცილებაში მონაწილებდა. მათ შორის არის სოსო გოგაშვილი, რომელიც მაჩალიკაშვილის თქმით, სწორედ "ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნოდ შეხვედრებს აქტიურად მართავს.
„ღიად მივმართავ ხელისუფლებას, გვითხრან გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის ნიშნები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე. თბილისის პროკურატურას მივმართავ, დადონ, შეგვატყობინონ ინფორმაცია წაუყენებენ თუ არა პიროვნებას ბრალს თუ არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. სჯობს ვიცოდეთ, რომ ბრალს არავის არ წაუყენებენ,“-აცხადებს მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.