"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე - ვირჩევ ადამიანს!" - ონლაინ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის თითქმის 8 500-ს აღწევს.
მოქალაქეები ამ ფორმით სოლიდარობას შვილმოკლული მამების აქციას უცხადებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ საახალწლო ნაძვის ხეზე წინ ისინი სამართლიანობას და სიცოცხლის უფლებას აყენებენ.
პეტიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც თბილისის მერიამ შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს წერილით აცნობა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისა და აქციის გამართვის შესაძლებლობა 7 დეკემბრამდე აქვთ.
მერიის განმარტებით, 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი იწყება, უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რასაც შვილმოკლული მამების აქცია ხელს უშლის.