მუქარა სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
„ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს საგამოძიებო მოქმედებები წარიმართება ინტენსიურ რეჟიმში. შსს ასევე გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში,“ - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები. მისი თქმით, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.