17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ომბუდსმენი შეტყობინებებს ასაჯაროებს 

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. ამის შესახებ ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. ნინო ლომჯარია ასევე აქვეყნებს რამდენიმე შეტყობინებას, რომელიც სწორედ მისი მისამართით გამოთქმულ მუქარას ასახავს.

„მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ.... უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან... სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან,“ - აღნიშნულია ნინო ლომჯარიას პოსტში.

სახალხო დამცველი მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა, და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებ შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება,“ - ამბობს ლომჯარია.

სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ომბუდსმენთან გასაუბრების შემდეგ იქნება მიღებული. 

დღის ამბები