17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
10 წლის ბავშვს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მეხუთე სტადია აქვს - ოჯახის თქმით, ენმ-ის მხარდაჭერის გამო, ოპერაციას არ უფინანსებენ

10 წლის ლუკა კუკავას ოჯახი დახმარებას ითხოვს - ბავშვს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მეხუთე სტადია აქვს და ოპერაცია ესაჭიროება.

უკვე 4 წელია, ბავშვი მძიმე დიაგნოზს ებრძვის, მისი მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დამძიმდა, რაც ორივე თირკმელი გაეთიშა. მედიკოსებმა ბავშვი დიალიზის პროგრამაში ჩართეს.

ლუკა მცირეწლოვან დასთან და მშობლებთან ერთად ხობის რაონში, სოფელ ხამისყური ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ოჯახი ახლობლების დახმარებით მაინც ცდილობს, კვირაში 3-ჯერ ბავშვის თბილისში დიალიზის პროგრამისთვის ჩამოყვანას.

ბავშვის გადარჩენის ერთადერთი გზა ორივე თირკმლის გადანერგვაა. ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ამიტომ ლუკა გერმანიაში უნდა გადაიყვანონ, ოპერაცია 75 ათასი დოლარი ჯდება.

სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დახმარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, იმის გამო რომ კუკავები ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან, ხობის მერმა მათ დახმარებაზე უარი უთხრა.

მოწყალებისთვის კუკავებმა ხობის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღეს. ამ ინიციატივის საპასუხოდ ხობის მაჟორიტარისგან სანაცვლოდ ირონია და დახმარებისთვის გაცემული ერთი ლარი მიიღეს.

10 წლის ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ხვალ კუკავები ისევ თბილისში დიალიზის პროგრამისთვის უნდა ჩამოვიდნენ, თუმცა, ოჯახს არც მგზავრობის და არც თბილისში ღამის გასათევი ფული არ აქვს.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები