შვილმოკლული მამების აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ადგილზე 15-მდე კარავი კვლავაც გაშლილია. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც შეუერთდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები არ დაისჯებიან.
მისი განცხადებით, თბილისში აქციებს პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც შეუერთდებიან. თემირლან მაჩალიკაშვილს 25 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდებოდა.
„გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ სიმართლეს და სამართალს. პანკისიდან აპირებენ ჩამოსვლას ყველა შერეული კატეგორიის ხალხი. მათაც აქვთ სათქმელი თემირლანთან დაკავშირებით. 25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
დამნაშავეების დასჯას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც ითხოვს.
„არ ვიცი, აზრზე არ ვარ ამათ რა აქვთ ჩაფიქრებული, ან რა ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლებისგან, თითქმის, ერთი წელია, ვითხოვთ სამართალს. ვითხოვთ, დაისაჯონ მკვლელებიც და დამნაშავეებიც. ბევრს ხომ არ ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან,”- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო (აიზა) მარგოშვილმა.