17 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ხორავას ქუჩის მკვლელობის ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და  არასრულწლოვანი დ.ღ. წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მოსამართლე პროკურატურის ზეწოლის ქვეშაა.

„მოსამართლე კვლავ იქცევა და ჩემი ვარაუდით, იმყოფება ზეწოლის ქვეშ პროკურატურის და პროკურატურას კვლავ ჰყავს მძევლად ეს ბავშვი აყვანილი. ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს მის რაიმე ბრალეულობას“-აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლად მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებს.

„ერთ ერთი მთავარი მიზანი და მთავარი საფუძველი, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა, ეს არის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რაც ბრალდების მხარის მხრიდან იყო დღევანდელ სხდომაზე დასაბუთებული და რაც საბოლოო ჯამში სასამართლომ გაიზიარა.“- აცხადებს ქვარცხავა

დღის ამბები