Edison Research-ის კვლევის შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, შედეგები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც მოქალაქეებს აქვთ და ის უკავშირდება ქვეყანაში ცვლილებებს.
"Edison Research-ის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი. რაც უფრო მეტი დრო გადის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მით უფრო მეტ მოქალაქეს ესმის რომ არჩევნები და საარჩევნო ბიულეტენი, ეს არის მრისხანე იარაღი მათ ხელში და როგორც 2003 წელში გაისტუმრეს მათ კორუმპირუბული, კრიმინალებთან შეზრდილი მთავრობა, როგორც 2012 წელში გაისტუმრეს ის მთავრობა, რომელიც იყო იდეოლოგიურად შეკრული, რომელსაც მტკიცე კონტროლი ჰქონდა სახელმწიფოზე მაგრამ, როლითაც მოქალაქე იყო უკმაყოფილო, ზუსტად ასე ისტუმრებს ახლა უზარმაზარ ფულს და ეს სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, ყოველგვარი დაპირისპირების, ლანძღვა-გინების, ქუჩის გარეშე უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც სამუდამოდ გამოვრიცხავთ გაყალბებულ არჩევნებს. ერთ პიროვნულ მმართველობას და ერთპარტიულ მმართველობას. წინ გვაქვს ძალიან მძიმე ორი კვირა ან რამდენიც იქნება, როდესაც ჩვენ აუცილებლად ისევ უნდა გავაგრძელოთ მოქალაქეებთან შეხვედრები,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"Edison Research-ის კვლევის შედეგები დიდ პასუხისმგებლობაა ოპოზიციისთვის-ასეთია ლევან ბეჟაშვილის შეფასება. მისი თქმით, მიუხედავად იმ უკანონო ქმედებებისა, რომელიც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ," მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აამუშავა პრაქტიკულად ყველა რესურსი იმისათვის რომ მანიპულაციებით, მოსყიდვებით, კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვით, პოლიციის და სუს-ის ჩართვით სასურველი შედეგი დააყენოს, ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს და ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტი სახელისუფლებო ბალანსის. იმავდროულად ეს ჩვენთვის არის პასუხისმგებლობა, რომ მთავარი ამოცანა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდობიანად და კონსტიტუციურად, კანონის ფარგლებში ვუზრუნველყოთ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
Edison Research-ის კვლევას ენდობიან „ევროპულ საქართველოშიც.“ სერგო რატიანის განცხადებით გრიგოლ ვაშაძის პოზიციების გამყარება დავით ბაქრაძის მხარდაჭერის შედეგია.
"Edison Research-ის კვლევა უკვე მერამდენეჯერ დადასტურდა რომ არის სანდო, მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ეს დაადასტურა არაერთმა არჩევნებმა და პირველმა ტურმა. პირველი ტურის შედეგებით ცხადი ხდება, რომ გრიგოლ ვაშაძის უპირატესობა გამყარდა მასშემდეგ რაც დავით ბაქრაძემ დაუჭირა მხარი და ეს არის დაახლოებით 10%-იანი თანადგომა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური რეიტინგების კვლევა Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. ირკვევა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის მიხედვით, შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 56%;
სალომე ზურაბიშვილი - 44%.