"ქართული ოცნების" ლიდერის პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც დაადასტურა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი უწყება არ არის და თამარ ჟვანიას ნაცვლად არჩევნების მეორე ტურის თარიღი "ქართლმა ოცნებამ" დანიშნა - ოპოზიცია თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას აფასებს.
დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამდე არჩევნების თარიღი ივანიშვილის პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახი კალაძემ გამოაცხადა და თქვა, რომ მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, კალაძემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაც და კომისიის თავმჯდომარე ივანიშვილის პარტიის მძველები არიან.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ცესკო და მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.
„ცესკო შესაბამისი ყველანაირი კანონმდებლობის დარღვევით, რეალურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მმართველ პოლიტიკურ გუნდთან და ბიძინა ივანიშვილთან, რომ შეარჩიოს მათთვის ხელსაყრელი თარიღი არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამ არჩევნებზე შეიძლება თითოეულ ხმას ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შესაბამისად, ყველა ამომრჩევლისთვის შესაძლებლობა მივიდეს არჩევნებზე, არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩაატაროს არჩევნები სამუშაო დღეს, რითაც ხელს შეუშლის ამომრჩევლის აქტივობას და ვფიქრობ, რომ ბატონ კალაძეს ეს დღეს წამოსცდა უნებურად და გაამჟღავნა მათი გეგმები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კახა კალაძის განცხადებას, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეხმაურება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, კანონმდებლობის დარღვევით მოსახლეობის იმ ნაწილს შეფერხებები შეუქმნას, რომელთაც არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატს მკვეთრი უარი განუცხადა.
„კახი კალაძის განცხადება არის დადასტურება იმ სამარცხვინო გარიგების, რომელიც არსებობს ქართულ ოცნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის, კანონმდებლობის დარღვევით და ხელისუფლების სასარგებლოდ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.