თამარ ჟვანია ბოლომდე ჩაჰყვა წაგებულ თამაშში ბიძინა ივანიშვილს-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობა არჩევნების მეორე ტურის თარიღის განსაზღვრას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცესკო ფაქტობრივად გადაიქცა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად.
„თამარ ჟვანიამ ცესკო საბოლოოდ გადააქციეს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად, როდესაც გააფორმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შუა კვირაში ჩანიშნოს არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ეს ასე არ მოხდეს, ეს რა თქმა უნდა არის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის რომ რამენაირად შეცვალოს ის გარდაუვალი წაგება, რაც აუცილებლად გაფორმდება ძალიან მშვიდად არჩევნების დღეს. ძალიან სამწუხაროა რომ ამ წაგებულ თამაშში თამარ ჟვანია ბოლომდე ჩაჰყვა ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველო“ კი საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობს. სერგო რატიანი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ცესკომ შეუზღუდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
„ყველაფერი ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების სრულიად უნიჭო მცდელობები შეცვალონ რაღაცა. მაგრამ ამითი ჯერ ერთი იქვემდებარებენ სრულიად ცესკოს, რაც ასევე მძიმე სანახავი არის. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ უშველის, რადგან ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.