მათ ძალიან ბევრს ადამიანს თავისი გადაწყვეტილებით შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება - ასე ეხმაურება ცესკო-ს მიერ არჩევნების თარიღის განსაზღვრას "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი. ეკა გიგაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ მოტივაცია პოლიტიკური იყოს, რაც ცესკო-ს მიმართ უნდობლობას ამძაფრებს.
„ეს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას იმიტომ, რომ საარჩევნო უბნები უნდა დაიხუროს 08:00 საათზე და შესაბამისად 24:00 საათამდე ნამდვილად ვერ გადააგრძელებენ თავისი სურვილის შესაბამისად ცესკო-ს წარმომადგენლები უბნის დახურვის საათს, შესაბამისად ეს არის კანონის დარღვევა. თუმცა საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ცესკო-მ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის შექმნილიყო შესაძლებლობა, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცესკო-ს გადაწყვეტილების მოტივაციას ეჭვქვეშ აყენებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც.“
„ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მოტივაცია არის ძალიან საეჭვო და არ ამყარებს ეს გადაწყვეტილება ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი. პირიქით, სამწუხაროდ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო მეტად აჩენს, უფრო მეტად აძლიერებს და ეს საერთო ჯამში საარჩევნო პროცესს არ ეხმარება. ცესკო-ს პირდაპირი მოვალეობა არის რომ ამომრჩეველთა ინტერესები გაითვალისწინოს და ამომრჩეველთა საკმაოდ ფართო ჯგუფი არის ეს ჯგუფი, ემიგრანტების ჯგუფიც და ასევე ის ჯგუფი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს მაგრამ არ არის ამჟამად საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე,“-განაცხადა მიხელ ბენიძემ.