21 დეკემბერი 2024,   20:00
ვრცლად
"ჩვენ ვთვლით, რომ დაგვცინიან" - ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას აპროტესტებენ 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას ემიგრანტები აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ცესკო-მ მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნით საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, დასცინა.

ემიგრანტების თქმით, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა ვერ შეძლებს ხმის მიცემას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო უბნების მუშაობის საკითხიც. ისინი ამბობენ, რომ კომისიის წევრებიც უარს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებას ვერ შეძლებენ.

ემიგრანტები ავღანეთის მსგავსად საზღვარგარეთ მეორე ტურის ჩატარების თარიღად 26 ნოემბრის გამოცხადებას ითხოვენ.

ემიგრანტი ნინო ტალახაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომისიის წევრები ვერ შეძლებენ სახლში წასვლას და ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ, რადგან ღამის 2-3 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზღვარგარეთ არ დადის.

„ჩვენ ასე ვთვლით, რომ ჩვენ ამით დაგვცინიან, ჯერ იმით, რომ 12 საათამდე ჯერ სამუშაო დღე, ეს არის თითქმის შეუძლებელი... ბევრი კომისიის წევრი უარს ამბობს და ეს არის ზუსტად ჩვენი გულის ტკივილი, რომ შეიძლება ძალიან ბევრი უბანი დაიხუროს იმის გამო, რომ არა მარტო კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე, დამკვირვებლებზე აღარ ვლაპარაკობ, ვერ წავლენ,“ - განაცხადა ნინო ტალახაძემ. 

ცესკო-ს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, ჩატარდება. რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ. 28 ნოემბერი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები