ბათუმის ნავსადგურში შესაძლოა საპროტესტო აქციები დაიწყოს. თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზი ამჯერად მე-7 ნავმისადგომზე გოგირდისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის შესაძლო მშენებლობაა.
პორტის პროფკავშირები ხელისუფლებას ამ სახიფათო ნაბიჯზე უარის თქმისკენ, მოქალაქეებს კი მხარდაჭერისა და აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
პორტში სწორედ გუშინ, მედიის გარეშე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულებთან პრობლემები განიხილეს. რაც შეეხება ქიმიური ტერმინალის გახსნას, საკითხი არც ხელმძღვანელობას და არც თანამშრომლებს არ წამოუჭრიათ.
„ნავსადგურში, დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ამირან მიქელაძემ.